ეთნოგრაფიულ მუზეუმში ტექნიკური წყლის ჭაბურღილი მოეწყო
ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე, რომელიც 49 ჰა მოიცავს, წყლის რესურსის უქონლობის გამო, ნარგავების მასობრივი გახმობის რისკი წლიდან წლამდე იზრდებოდა. უწყლობა საგრძნობლად აფერხებდა მუზეუმის განვითარებას. სხვადასხვა გადაუდებელი საჭიროებისთვის მუზეუმს ასეულობით ტონა წყლის შეძენა და ტრანსპორტირება უწევდა, რაც დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული.
2023 წლიდან, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე წყლის რესურსის მოძიების სამუშაოები დაიწყო. შედეგად მოეწყო ტექნიკური წყლის ჭაბურღილი და არტეზიული (მიწისქვეშა) წყლების მოსაპოვებლად მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა.
პროექტს წინ უსწრებდა ჰიდროგეოლოგიური კვლევა მიწისქვეშა წყლების არსებობის თაობაზე. განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად პროექტი განხორციელდა და ტერიტორიაზე წყალი არა მხოლოდ მიკვლეულ იქნა, ის საკმარისი მარაგითაც აღმოჩნდა.
უახლოესი პერიოდიდან მუზეუმი თავად შეძლებს საკუთარი ტექნიკური წყლის რესურსით არსებული პრობლემების გადაჭრას, მათ შორის, ძველი და ახალი ნარგავების მორწყვას.

გიორგი ლაღიძე არის ვებ გამოცემების Multimedia.ge-ს და Multinews.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი