თაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ქართული ფეისბუქ ანგარიშები, რომელიც დასაქმებასა და სესხებს გთავაზობთ

ბოლო პერიოდში ძალიან მომრავლდა თაღლითური ფეისბუქ პროფილები, რომლის უკან გაურკვევლი ადამიანები დგანან. ისინი გვხდებიან ყველგან, ფეისბუქის ჯგუფებში, პოსტების კომენტარებში და დასპონსორებულ პოსტებშიც კი.

მათი ამოცნობა ძალიან ადვილია, რადგან, გამოქვეყნებულ ტექსტს თუ დააკვირდებით, ის გაურკვეველი ქართულით არის ნაწერი (სათარგმნი პროგრამის მეშვეობით) და ფეისბუქ მომხმარებლებს სხვადასხვა “მიმზიდველ” წინადადებებს სთავაზობენ.

უნდა აღინიშნოს, რომ თაღლითური პროფილები იქმნება ქართული გვარ-სახელებით, თუმცა არაადეკვატური ფოტოებით, მაგალითად ვინმე მაყვალა ქაფიანიძე, სადაც პროფილის ფოტოზე ეროტიკული სურათია დაყენებული და მამაკაცებს სთავაზობს უფასო ინტიმურ მომსახურებას.

სესხები, ტელეგრამის არხზე ვიდეოების ყურება და თანხის გამომუშავება, სამსახური ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად, შეფუთვაზე მუშაობა სახლიდან (ეს განსაკუთრებით საინტერესო და ამავდროულად საოცარი შეთავაზებაა, სახლიდან შეფუთვა) და მრავალი სხვა. გამოქვეყნებულ პოსტებს კი ურთავენ რომელიმე ცნობადი ბრენდის ლოგოს ან ცნობადი ადამიანის ფოტოსურათს, რათა მეტი დამაჯერებლობა შესძინონ მათ თაღლითურ გეგმას.

ასეთი თაღლითური პოსტი გამოქვეყნდა ერთ-ერთ ჯგუფში, სადაც ვინმე ჟუჟუნა ბოლქვაძე ადამიანებს სთავაზობს 2300 ლარიან სამსახურს, სახლიდან გაუსვლელად, გამოცდილების გარეშე. მოქალაქეები კომენტარებში წერენ, რომ დაინტერესებულები არიან ამ წინადადებით და სთხოვენ დეტალებს, რაზეც ვითომ ქალბატონი ჟუჟუნა სტანდარტული ტექსტით პასუხობს “მომწერეთ პირადში”.

ჩვენ გადავამოწმეთ აღნიშნული პროფილი და აღმოვაჩინეთ, რომ ის არ არის რეალური პიროვნება და იყენებს უცხოელი ტიკტოკერი ქალის ფოტოებს. უნდა აღინიშნოს, რომ მეტი დამაჯერებლობისთვის ტროლმა ანგარიშებმა დაიწყეს ბიოგრაფიის მითითებაც, თითქოს მუშაობენ რომელიმე ქართულ კომპანიაში, მაგალითად, ქალბატონი ჟუჟუნას შემთხვევაში მას უწერია, რომ მუშაობს ღვინის კომპანია “თელიან ველში”, რომ ცხოვრობს თბილისში და ა.შ. თუმცა, დაკვირვებული თვალი და საქმის მცოდნე ადამიანი თუ კარგად დააკვირდება, აუცილებლად გაშიფრავს, რომ ეს არის თაღლითური ჯგუფი, მაგრამ რა მიზნებით, ეს არავინ იცის.

გთავაზობთ რამდენიმე ყალბი პროფილის მიერ, გაურკვევლი ქართულით ნაწერ ტექსტებსა და შემოთავაზებებს, დანარჩენი მკითხველმა განსაჯოს, რამდენად სანდოა მსგავსი წინადადებები:

ასევე, ხშირია შემთხვევები, როდესაც ცნობილი კომპანიის სახელით, ყალბი გვერდები გამოგონილ პრიზებს ათამაშებენ, სანაცვლოდ კი ფეისბუქ მომხმარებლებს სთხოვენ, რომ კომენტარში დაუწერონ კონკრეტული სიტყვა ან პოსტი გააზიარონ მინიმუმ 10 ჯგუფში, საბოლოო ჯამში, თქვენ არავინ არაფერს არ გჩუქნით და უფასოდ ემსახურებით თაღლითების შექმნილი ჯგუფის პოპულარიზაციას.

ასე რომ, სანამ კონკრეტულ წინადადებას და შემოთავაზებას დაიჯერებთ, გადაამოწმეთ, თუ ვინ აქვეყნებს ამ ინფორმაციას, გადადით ამ გვერდზე, შეამოწმეთ, რომ ჰქონდეს ნამდვილობის დამადასტურებელი ლურჯი სიმბოლო, ასევე შეამოწმეთ გამოქვეყნებული პოსტები, გამომწერების რაოდენობა, საკონტაქტო ინფორმაცია, ვებ გვერდი, მისი აქტივობები და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ მისი ნამდვილობის დადასტურებას.

დაწერეთ კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *