თბილისში, რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო სადგურის აღდგენა/რეაბილიტაცია 2024 წლის ზაფხულში იგეგმება.
პროექტი 2022 წელს დაიწყო და მეორე წელია მიმდინარეობს. სამუშაოები დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ და მისმა მოადგილემ დაათვალიერეს.
„ძალიან მაგარი პროექტი ხორციელდება. ეს არის ახალი საბაგირო, რომელიც რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიას დააკავშირებს მთაწმინდასთან. სამუშაოები ზაფხულის ბოლოსთვის დასრულებული უნდა იყოს. ხუთივე საყრდენი დაყენებულია. მომდევნო დღეების განმავლობაში გაიჭიმება ბაგირები. გარდა ამისა, პარალელურად მიმდინარეობს მიმღები სადგურების სარემონტო სამუშაოები. ძალიან კარგია, როგორ ტურისტული თვალსაზრისით, ასევე ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, რადგან რუსთაველიდან მთაწმინდაზე საბაგიროთი ასვლა 4 წუთში იქნება შესაძლებელი. საათში დაახლოებით 1 200 მგზავრი შეძლებს გადაადგილებას. ძალიან მიხარია, რომ ჩვენს ქალაქში ეს ისტორიული პროექტი აღდგა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე იმოძრავებს 21 გონდოლა, გზის დაფარვის საშუალო სიჩარე იქნება 4.07 წუთი, მარშრუტის სიგრძე კი – 845,55 მ.
პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 50 მლნ ლარს. რეაბილიტაციის შემდეგ, საბაგირო გზა სამართავად „მთაწმინდის პარკს“ გადაეცემა. საბაგირო გზის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს შპს „დაგი“, ხოლო საინჟინრო-ტექნოლოგიურ სამუშაოებს – კომპანია „დოპელმაიერი“.

გიორგი ლაღიძე არის ვებ გამოცემების Multimedia.ge-ს და Multinews.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი