ფინანსების დაზოგვისა და ზოგჯერ უცოდინრობის გამო, ფერმერები რძეს პლასტმასის ბოთლებში ასხამენ და ამ ფორმით ყიდიან, რაც ყოვლად დაუშვებელია და ადამიანის სიცოცხლისთვის შესაძლოა ფატალურად დასრულდეს.
დღევანდელ პოსტში, მეყველე ანა მიქაძე – ჩიკვაიძე კიდევ ერთხელ აფრთხილებს ადამიანებს, რომ არ შეიძინონ უკვე გამოყენებულ პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული რძე.
“სიკვდილი იაფად – ეს ძალიან საწყალი გარეგნობის და სანდოობის ასპროცენტიანი ვიზუალით, ქუჩაში მდგარი, ასაკოვანი ქალბატონის ძროხის რძეს ყიდის. ასხია მეორად, ნაირნაირ ბოთლებში – ბორჯომი კოკა-კოლა და ა.შ.
გავჩერდი რომ ამეხსნა, სულ რომ გუშინ ჰქონდეს აღებული ვეტერინარის ცნობა, ხელი დაქლორილი და ცური ცხრაგზის გამობანილი, ამ ბოთლებში ჩამოსხმა კატეგორიულად არ შეიძლება.
როგორც არ უნდა გამორეცხოს.
სინათლეზე მოხვედრილი ცარიელი პლასტმასის ბოთლი უკვე მომწამვლელია.
მინიმუმ ერთჯერად, თვითმოხუფვად ბოთლებში უნდა ჩამოასხას.
ვურჩიე, ავუხსენი
მიყვირა, მეჩხუბა, მწყევლა, მაინც გავაგრძელე ახსნა
და მეტიც – ვუთხარი, რომ ჩემი შვილის სიკვდილის მიზეზი სავარაუდოდ (დათესვის მერე ფილტვში სტაფილოკოკია)
არაპასტერიზებული რძით დამზადებული ყველი უნდა ყოფილიყო და ეს მე, ყველაზე ამბოციურ მეყველეს, გამომეპარა..
ეს ცხადია, ვარაუდია და ბოლომდე მივიყვან ამ ლაბორატორიულ გამოძიებას.
ღმერთმა ნუ ქნას ეს დადასტურდეს.
მყიდველებს ვურჩიე, რაკიღა ასეთ მდგომარეობაში ყიდულობენ, მხოლოდ იმიტომ რომ იაფია, აადუღონ, გააცივონ და ისევ წამოადუღონ.
იაფიაო – რა ღირს ქალბატონებო და ბატონებო თქვენი სიცოცხლე?
მე შვილი დამიბრუნა უფალმა და ვალდებული ვარ, ჩემი კომპეტენციის და პასუხისმგებლობის ფარგლებში დავიცვა თქვენი შვილების სიცოცხლე.
მოსთხოვეთ ფერმერს, ქუჩაში გამყიდველ ქალბატონებს, რომ რძე მხოლოდ ერთჯერად ბოთლებში ჩამოასხან.
მოუყევით ამის შესახებ ერთმანეთს და გახსოვდეთ – ძროხა, თხა, ბიოლოგიური ქალია, მდედრია და მას ყველა დაავადება შეიძლება აღმოაჩნდეს. მათ შორის ფარული მასტიტიც..
ბრუცელიოზზე უარესი.
დაფიცება, რომ საკუთარ შვილიშვილებს ასმევენ , სრულიად უადგილოა. ქუჩაში ნაყიდი რძე აადუღეთ და გააცივეთ.
მერე ისევ მიიყვანეთ სოფლის რძე დუღილამდე.
არ მიწყინოთ… მაქვს საკმარისი ცოდნა და აგერ უკვე სასიკვდლო გამოცდილება”– წერს ანა მიქაძე – ჩიკვაიძე.

გიორგი ლაღიძე არის ვებ გამოცემების Multimedia.ge-ს და Multinews.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი