91 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მხატვარი და მოქანდაკე ზურაბ წერეთელი

91 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მოქანდაკე და მხატვარი ზურაბ წერეთელი.

1989 წელს, ზურაბ წერეთელი საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა და 2 წლის შემდეგ სრულუფლებიანი ელჩის სტატუსი მიიღო. 1997 წლიდან ხელმძღვანელობდა რუსეთის სამხატვრო აკადემიას.

დაჯილდოებულია ლენინური პრემიით და სსრკ სახელმწიფო პრემიებით, არის ნიუ-იორკის კეთილი ნების ელჩი, ესპანეთის ხელოვნების სამეფო აკადემიისა და საფრანგეთის ხელოვნების აკადემიის წევრი, საბავშვო ფონდის “სასწაულების ბაღის” პრეზიდენტი (1988), მოსკოვის საერთაშორისო “იუნესკოს დახმარების ფონდის” დამფუძნებელი და გაცხადებული “მულტიმილიონერი”. მას ეკუთვნის პეტრე დიდისადმი მიძღვნილი 98-მეტრიანი მონუმენტი მდინარე მოსკოვის სანაპიროზე, რომელიც ერთ-ერთი უმაღლესი ქანდაკებაა მსოფლიოში.

1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მშვიდობა“.

ზურაბ წერეთელს ეკუთვნის თბილისის შემოსასვლელში მდგარი „წმინდა ნინოს მონუმენტი“ და თავისუფლების მოედანზე აღმართული „წმინდა გიორგი“, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ აჩუქა საკუთარ ქალაქს.

ზურაბ წერეთელია ავტორი მონუმენტის “საქართველოს მატიანე”, რომელიც , ნაძალადევის რაიონში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყეენის მთაზე მდებარეობს.

2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის დროს დაღუპულთა პატივსაცემად, ზურაბ წერეთელმა ამერიკელებს 30 მეტრიანი სტელა – „გლოვის ცრემლი“ აჩუქა, რომელიც 175 ტონას იწონის და „თავისუფლების ქანდაკების“ მოპირდაპირე მხარეს, მდინარე ჰუძონის სანაპიროზე დგას.

2001 წლის 14 მაისს მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ეზოში უნიკალური ექსპონატი გაჩნდა — „ეიფელის კოშკის კიბის ფრაგმენტი“. ამ დიდებული კონსტრუქციის საწყისი ნაწილი, რომელსაც ფასდაუდებელი ისტორიული მნიშვნელობა აქვს, ეიფელის კოშკის ასოციაციის წევრმა ანრი მორვანმა ზურაბ წერეთელს გადასცა.

ზურაბ წერეთელს თბილისში, დიდუბის პანთეონში, მეუღლის გვერდით დაკრძალავენ.

დაწერეთ კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *