Multinews.ge – მულტინიუსი

საზოგადოებრივი ვებ სივრცე

გავაცილე ჩემი გიო უკანასკნელ გზაზე, ძალიან დიდი დრო დამჭირდება, რომ რეალობა დავიჯერო. კიდევ უფრო დიდი, რომ შევეგუო – ირმა მალაციძე

“გავაცილე ჩემი გიო უკანასკნელ გზაზე. მთელი დღეა, ვცდილობ, სიტყვებს თავი მოვუყარო და რაღაც დავწერო. მადლობა გადავუხადო იმ ათასობით ადამიანს, ვინც მთელი ამ დღეების განმავლობაში გვეხმარებოდნენ, მხარს გვიჭერდნენ, ღელავდნენ, ელოდნენ, დარდობდნენ ჩვენთან ერთად. არ ვიცი, რამ მომცა ძალა, ეს ცხრა დღე გადამეტანა. ცხრა დღე, რომელიც მთელ დანარჩენ ცხოვრებას, წლებს, რომელიც გავიარე და რომელსაც მომავალში გავივლი, ერთად აღებულს, უდრის.”– წერს სოციალურ ქსელში პროფესორ გიორგი გახელაძის მეუღლე ირმა მალაციძე.

“უკვე ბუნდოვნად მახსოვს ეს დღეები. თითქოს რაღაც სიზმარი ვნახე, ცუდი სიზმარი, გამომეღვიძა და ახლა სიზმრის ფრაგმენტებს ვიხსენებ. ალბათ ადამიანს ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში მეორე სუნთქვა ეხსნება. არ ვიცი, საიდან, მაგრამ პოულობს ძალას, რომ ფეხზე იდგეს და იბრძოლოს. ექვსი ღამის მანძილზე ჯამში ალბათ 3-4 საათი მეძინა. ეს, თეორიულადაც თუ შესაძლებელი იყო, ვერ წარმოვიდგენდი, მე კი ვიდექი. მეექვსე დღეს თავად ვიჯექი საჭესთან, როცა მთაწმინდაზე და შემდეგ, ლილოში ვეძებდი გიოს. ისე ვიყავი მომართული, დარწმუნებული, რომ ცოცხალს ვეძებდი, რომ საპირისპიროში ვერავინ დამარწმუნებდა. ოდესმე ალბათ ამ დღეებზე რაღაცას დავწერ, ახლა კი ჯერ მხოლოდ მადლობს თქმა მინდა.
ყველასთვის, ადამიანების მთელი ჯარისათვის – მეგობრების, მეზობლების, ნათესავების, ნაცნობების, უცნობების, გამვლელების, გამომვლელების… რა ვიცი, ყველას მიმართ.
მსგავსი რამ არც მინახავს და არც მსმენია, რაც ამ დღეებში ხდებოდა. და ასეთი ხმაური ყველაზე თავმდაბალმა და უხმაურო ადამიანმა გამოიწვია.

ძალიან დიდი დრო დამჭირდება, რომ რეალობა დავიჯერო. კიდევ უფრო დიდი, რომ შევეგუო. და თითქმის არ არსებობს დრო, რომლის მანძილზეც ამის დავიწყებაა შესაძლებელი.
გიოს თავისი გახარებული ვაზის ტოტი და ყურძნის მტევანი გავატანე, ასე რომ ამაყობდა. და ცნობილი ყვითელი ვარდის ტოტებიც, რომელთაც კალმავდა და ყველას ურიგებდა, მერე ეკითხებოდა, ხომ გაიხარაო. ვისაც გაჩუქათ, მოუარეთ და გაახარეთ, გთხოვთ. გიოს გაუხარდებოდა.
მათე ასე დაემშვიდობა მამას : Goodbye forever! (მშვიდობით სამუდამოდ)

მე კი უბრალოდ: მშვიდობით, გიო! სულ მეყვარები ესეც ჩვენი ბედნიერი ოჯახი!”– წერს ირმა მალაციძე.

შეგახსენებთ, პროფესორი გიორგი გახელაძე 2024 წლის 19 ივნისს გავიდა სახლიდან და 5 დღიანი ძებნის შემდეგ ის გარდაცვლილი იპოვეს.

დაწერეთ კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *