გთავაზობთ ქათმის ფილეს არაჟნით, რომელიც არის ძალიან რბილი და რაც მთავარია გემრიელი.
ქათმის ფილე დავჭრათ შედარებით დიდ ნაჭრებად (საშუალო მწვადის ზომის) და დავაბასტურმოთ, დავუმატოთ 1 სავსე სუფრის კოვზი არაჟანი, მარილი გემოვნებით, შავი ან წითელი პილპილი და ცოცხლად დავაყაროთ ხახვი.
დავაფაროთ თავზე და მაცივარში შევინახოთ 1-2 საათით.
დროის გასვლის შემდეგ, ტაფაზე დავასხათ საკმაო რაოდენობის ზეთი და კარგად გავაცხელოთ, დავიწყოთ დამარინადებული ხორცის ნაჭრების შეწვა, ვინაიდან ხორცი არაჟანში იყო, ის წვენს გაუშვებს, ამიტომ შეწვის პერიოდში დაველოდოთ, სანამ არ გაუშრება ეს წვენი და ბოლომდე არ შეიწოვს.
ამასობაში გავამზადოთ 1 ცალი წითელი და 1 ცალი მწვანე ბულგარული წიწაკა, მწვანე ან ჩვეულებრივი ხახვი, დავჭრათ რგოლებად (ასე უფრო გემრიელად გამოდის) დაბრაწულ ხორცის ნაჭრებს ჩავაყაროთ დაჭრილი ბულგარულები, ხახვი და უკვე დაბალ ცეცხლზე მოვშუშოთ და დავახუროთ თავსახური.
ავიღოთ 1 ჭიქა (200 გრამი) წყალი ან მინერალური წყალი და დავასხათ, შემდეგ დავამატოთ 1 სუფრის კოვზი (არასავსე) ტომატ-პასტა, ან, თუ ცოცხალი პომიდორი გაქვთ. მოურიეთ კარგად ჩათუშვამდე.
როდესაც ბოსტნეული კარგად მოითუშება და გამორთავთ ცეცხლიდან, დავამატოთ 1 სავსე სუფრის კოვზი არაჟანი, კარგად ამოვურიოთ და ბოლოს დავაყაროთ დაჭრილი მწვანილები, რათა არომატი უფრო კარგად შეიგრძნოთ.
გემრიელად მიირთვით.

გიორგი ლაღიძე არის ვებ გამოცემების Multimedia.ge-ს და Multinews.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი
