ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის მასშტაბური რეაბილიტაცია იწყება

ჩარგალში, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის მასშტაბური რეაბილიტაცია იწყება. ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ განაცხადა.

“ვიწყებთ დიდ პროექტს – ჩარგალში ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის მასშტაბურ რეაბილიტაციას. დაახლოებით 50 წელია, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში ძირეული ცვლილებები არ მომხდარა.

პროექტის ფარგლებში იგეგმება კულტურის სამინისტროს მიერ მუზეუმის რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურის განვითარება და განახლება, გარე განათების მოწესრიგება, სამუზეუმო ექსპოზიციების შეცვლა და განახლება, ექსპონატების მოწესრიგება, რესტავრაცია/კონსერვაცია.

ამასთან ერთად, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ამჟამად ახორციელებს ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, მუზეუმის საგამოფენო დარბაზებსა და მემორიალურ სახლს შორის ხევისა და დამაკავშირებელი ხიდის სრულ რეაბილიტაციას.

რეაბილიტაციის შემდეგ ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმს კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციაც დაემატება.”- ამბობს მინისტრი.

დაწერეთ კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *