ფილტვების ანთება, რომელიც შესაძლოა სტანდარტული გასინჯვით ვერ დადგინდეს – გაფრთხილება მშობლებს

დღევანდელ პოსტში გთავაზობთ ერთ-ერთი მოქალაქის წერილს, რომელმაც გვთხოვა, რომ გამოვაქვეყნოთ ჩვენ გვერდზე. ის მიმართავს პატარების მშობლებს, რომ იყვნენ ფრთხილად და მაღალი სიცხისა და კონკრეტული ჩივილების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადაიყვანონ პატარები გამოკვლევაზე.

“დღეს მე ჩემი ოჯახის პატარა წევრის მაგალითზე მსურს გესაუბროთ, რომელსაც რამდენიმე დღის წინ სიცხეები დაეწყო. ჩავთვალე, რომ ეს იყო მორიგი გაციება და ტრადიციულად, გავუკეთე სიცხის დამწევი და დავურეკე ოჯახის ექიმს, რომელმაც კონკრეტული პრეპარატი დაუნიშნა და მეც დავემორჩილე მის რეკომენდაციას.

გავიდა 1,2, 3, 4 დღე და ბავშვს სიცხეები კვლავ უწევდა, 40-მდე. დამწევი მედიკამენტის ეფექტურობა კი დღითიდღე  იკლებდა. ბავშვმა მარჯვენა გვერდი აიტკია, შემდეგ სახსრებსაც იტკიებდა, ოჯახის ექიმი კი მეუბნებოდა, რომ არ იყო საჭირო სასწრაფოს გამოძახება და გამეგრძელებინა შინ მკურნალობა. 

ბოლოს ბავშვი ძალიან ცუდად იყო. ჰქონდა გვერდის და მუცლის ტკივილები, მაღალი სიცხე, შფოთვა, ემოციურად ძალიან გადაიტვირთა, ფაქტობრივად შფოთვები დაეწყო. გამოვიძახეთ სასწრაფო, რომელმაც შეკრიბა ანამნეზი, გასინჯა ფილტვებზე ფონენდოსკოპით და დაგვამშვიდა, რომ ფილტვები სუფთაა.

ჩვენც დავწყნარდით, რაკი ფილტვები სუფთაა, ესეიგი რაღაც ვირუსია, რომელიც რამდენიმე დღეში გაივლის. სისხლის ანალიზის შემდეგ მომატებული იყო ლეიკოციტები და სასწრაფოს ექიმმა გვირჩია, თავის დაზღვევის მიზნით გადაგვეყვანა კლინიკაში, რათა გამოგვერიცხა მწვავე აპენდიციტი (ბრმა ნაწლავი). ამ დროს უკვე მეორე სასწრაფო იყო მოსული, რომელმაც ასევე ვერ დააფიქსირა ფილტვებში ვერაფერი, თუმცა, ბავშვი გადავიყვანეთ კლინიკაში და ჩატარებული სიღრმისეული კვლევებით დადგინდა ცალი ფილტვის მწვავე პნევმონია (იგივე, ფილტვების ანთება) რომელიც სეფსისში (სისხლის მოწამვლაში) გადადიოდა.

ბავშვი 2 კვირით მოთავსდა კლინიკაში, სადაც უტარდება ყველა საჭირო გადასხმა და ანტი-ბიოტიკური მკურნალობა. იმავე პალატაში, ზუსტად იმავე სიმპტომებით და დიაგნოზით მკურნალობს მისივე ასაკის ბავშვიც, რამაც დამარწმუნა, რომ ეს არის ვირუსის უცნობი სახეობა. როგორც მისმა მშობელმა მითხრა, ბავშვს ყურის ანთებით დაეწყო და ფილტვებზე გადავიდა.

ეს ამბავი კი დიდი გაკვეთილია ჩვენი ოჯახისთვის და მინდა მთელ ქვეყანას ვუთხრა, ძვირფასო მშობლებო, არ ენდოთ ზედაპირულ გასინჯვას და თუ მსგავსი სიმპტომები აქვს თქვენ პატარას, დაუყოვნებლივ გადაიღეთ ფილტვის რენტგენი და დარწმუნდით, რომ ანთებითი პროცესი არ არის.

მე ამას ჩემი მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე გეუბნებით! მადლობა ღმერთს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა”- გვწერს მკითხველი.

დაწერეთ კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *